Статья 13. კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები
1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორთა კრებას ამზადებს და მის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სასამართლო.
2. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება და კრედიტორთა კრების ოქმი არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა განთავსდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში.
3. ნებისმიერი უზრუნველყოფილი კრედიტორი ან არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენს მოვალის მიმართ თავის მოთხოვნებს, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრედიტორთა კრებაზე დასწრების უფლება აქვს მოვალესაც. კრედიტორთა კრებაზე დამსწრე კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვან შენიშვნები და მოსაზრებები და დასვან კითხვები.
4. კრედიტორთა კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვს კრედიტორს, რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10 პროცენტს, აგრეთვე მოვალეს, მმართველს, რეაბილიტაციის ზედამხედველს. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ ამ კრების მოწვევის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ, კრედიტორთა კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია აღნიშნული კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა მოითხოვოს მის დღის წესრიგში საკითხის დამატება. ამ ვადის გასვლის შემდეგ ან უშუალოდ კრედიტორთა კრების მიმდინარეობისას მის დღის წესრიგში საკითხის დამატება დასაშვებია მხოლოდ მოვალის, მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და კრედიტორთა არანაკლებ 75 პროცენტის თანხმობით.
5. კრედიტორთა კრებაზე ხმის მიცემის უფლება აქვს ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნაც აღიარებულია, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია (გადაწყვეტილებაუნარიანია), თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტის მფლობელი კრედიტორი.
7. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე და წარმოდგენილ კრედიტორთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა – 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისკენ).
9. თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან ის გადაწყვეტილებაუუნაროა (უფლებამოსილი არ არის) ან მან გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 7 დღის ვადაში, იმავე დღის წესრიგით მოიწვევა კრედიტორთა განმეორებითი კრება. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე და წარმოდგენილ კრედიტორთა ხმების რაოდენობის მიუხედავად.
10. თუ კრედიტორთა განმეორებითი კრება არ შედგა ან მან გადაწყვეტილება ვერ მიიღო, იმავე საკითხზე კრედიტორთა კრების ხელახლა მოწვევა შესაძლებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
11. კრედიტორთა კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50 პროცენტზე მეტის მფლობელი კრედიტორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. აღნიშნული თანხმობა კრედიტორთა კრების ოქმის ტოლფასია და კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებად მიიჩნევა. თუ კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე იღებს, რომლის გადასაწყვეტადაც უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო, ეს წესი გამოიყენება შესაბამისი მეტი მხარდაჭერის არსებობის პირობით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
