„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 7. შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა
1. შრომის ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარ შრომის ინსპექტორს ჰყავს არანაკლებ 2 მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი არის პირველი მოადგილე.
3. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეს/ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი შრომის ინსპექტორი. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, გარდა შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული შრომითი ნორმებისა, რომელთა ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა მთავარი შრომის ინსპექტორის სხვა მოადგილის/მოადგილეების საკურატორო სფეროში შედის.
4. მთავარი შრომის ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობებზე დასანიშნად კანდიდატები შეირჩევიან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამარტივებული კონკურსის წესით.
5. მთავარი შრომის ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მთავარი შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილე.
6. შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა და ადმინისტრაციული მოწყობის წესი განისაზღვრება შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
7. შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მინისტრი, რომელიც ზედამხედველობს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას, აგრეთვე მის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. მინისტრი უფლებამოსილია შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად შეაჩეროს ან გააუქმოს მთავარი შრომის ინსპექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
