1.დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მიწის ნაკვეთზე და, საჭიროების შემთხვევაში, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) არსებობის შემთხვევაში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ე) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი; ვ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი; ზ) შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები: სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი სამეწარმეო რეგისტრაციიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თ) თუ შესრულებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის (სამშენებლო მოედნის) კვლევა, – მკვლევარის მონაცემები: სახელი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი სამეწარმეო რეგისტრაციიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ი) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი; კ) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ლ) ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, საექსპერტო დასკვნა.
3.იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნებართვა შენობის ფასადების შეთანხმებული პროექტის გარეშე და სანებართვო პირობებით განუსაზღვროს ამ უკანასკნელის წარმოდგენის პირობები და ვადები, თუმცა ფასადების პროექტები წარდგენილ უნდა იქნეს შენობის ნულოვანი ეტაპის დასრულებამდე.
4.თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, და სანებართვო პირობებში განისაზღვრება სამშენებლო დოკუმენტის პროექტის დარჩენილი ნაწილების წარდგენის პირობები და ვადები.
5.დამკვეთი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ექვს ეგზემპლარს. IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას დამკვეთმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს დამატებით ერთი ციფრული ეგზემპლარი.






