მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 62. სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას
1. მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტის შემდეგი ცვლილებები: ა) მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება; ბ) თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 500 მ 2 -მდე ფართობზე 1 მ 2 სიზუსტით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება; გ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.1 მეტრით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად; დ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება 2%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა; ე) ექსტერიერის იმ ღიობების ან/და ელემენტების გაბარიტების ცვლილება, რომლებიც არ წარმოადგენს მზიდი კონსტრუქციული სისტემის ნაწილს, გარდა განსაკუთრებული რეგულირების ზონისა; ვ) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა; ზ) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური სისტემების შეცვლა ისე, რომ არ მოხდეს მათი ტიპის, სიმძლავრისა და ადგილმდებარეობის შეცვლა; თ) სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეცვლა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სხვა სამშენებლო მასალებითა და პროდუქციით; ი) შენობა-ნაგებობების ისეთი ნაწილების გადაადგილება/შეცვლა, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; კ) შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან/და მიწისქვეშა ნაწილის ჰორიზონტალური გადაადგილება გრუნტის ზედაპირთან მიმართებაში არა უმეტეს 1.0 მეტრისა; ლ) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არა უმეტეს 0.2 მეტრისა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა; მ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური და მონოლითური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ჩაღრმავება არა უმეტეს 0.5 მეტრისა; ნ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი ან ნაკლები ჩაღრმავება გრუნტის მყარ ნაწილამდე.
