მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 88. მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები და ეტაპები
1. შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები იყოფა შემდეგ ეტაპებად: ა) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები; ბ) შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები; გ) შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; ე) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მაქსიმუმ ყოველ 7.0 მეტრ სიმაღლეზე (სართულების შემთხვევაში სართულების ჯერადად) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა; ვ) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა; ზ) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; თ) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა; ი) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; კ) შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; ლ) კეთილმოწყობის სამუშაოები.
2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები იყოფა შემდეგ ეტაპებად: ა) მიწის სამუშაოები (მაგ.: მიწის ვაკისის, თხრილების, არხების, ჭების მოწყობა); ბ) ხაზობრივი ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები; გ) როსტვერკის მოწყობის სამუშაოები; დ) მილსადენის, საკაბელო ან საბაგირო ხაზებისა და სხვა სადენების მოწყობის სამუშაოები; ე) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობის სამუშაოები; ვ) მალების მოწყობის სამუშაოები; ზ) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხაზობრივი ნაგებობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოები (მაგ.: ანძები, სადგურები, ქვესადგურები, გამანაწილებელი პუნქტები, საცავები, ტერმინალები ან/და სხვა შენობა-ნაგებობები); თ) საფარის, ფენილის ან ლიანდაგის მოწყობის სამუშაოები; ი) ხაზობრივი ნაგებობის გამოსაცდელი სამუშაოები; კ) კეთილმოწყობის სამუშაოები.
