1.ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს ამ გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის ჯანმრთელობის სათანადოდ დაცვა და მათთვის სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულებისას გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს მის გემზე დასაქმებული მეზღვაურებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურების) მიწოდება შემდეგი მიზნებისთვის: ა) მეზღვაურების მიმართ მათი მოვალეობებისა და მათ მიერ გემზე შესრულებული სპეციფიკური სამუშაოების შესაბამისი, ნებისმიერი ზოგადად აღიარებული შრომის ჰიგიენის დაცვისა და სამედიცინო დახმარების გაწევის წესის გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) მეზღვაურებისთვის იმავე დონის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც ზოგადად ხელმისაწვდომია ნაპირზე მყოფი მუშებისთვის, მათ შორის, აუცილებელი პრეპარატების, სამედიცინო მოწყობილობების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სამსახურების, სამედიცინო ინფორმაციისა და ექსპერტიზის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობა; გ) ნავსადგურში, სადაც ამის საშუალება არსებობს, მეზღვაურებისთვის კვალიფიცირებულ სტომატოლოგთან ან სხვა ექიმთან მისვლის უფლების დაყოვნების გარეშე მიცემა; დ) გემზე ყოფნისას ან უცხო ქვეყნის ნავსადგურში შესვლისას მეზღვაურებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უსასყიდლოდ უზრუნველყოფა; ე) ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურებისთვის მკურნალობის ჩატარების, აგრეთვე პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების (ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება) უზრუნველყოფა.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდება მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც მეზღვაურს უნდა ჩაუტარდეს გადაუდებელი მკურნალობა, რათა მან შეძლოს გემზე მუშაობის გაგრძელება, და არ მოიცავს კოსმეტიკური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას.
4.ყველა ქართულ გემზე უნდა იყოს პირველადი დახმარების მედიკამენტებით აღჭურვილი ყუთი, სამედიცინო მოწყობილობები და სამედიცინო სახელმძღვანელო. ამ სახელმძღვანელოს მახასიათებლები ინსპექტირებას ექვემდებარება და მათ სააგენტო განსაზღვრავს.
5.ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მეზღვაური სამედიცინო დახმარებას ნაპირზე მიიღებს, გემის კაპიტანმა ან გემზე სამედიცინო დახმარების გაწევისთვის პასუხისმგებელმა სხვა პირმა უნდა შეავსოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შემუშავებული „გემებისთვის საერთაშორისო სამედიცინო გზამკვლევის“ A დანართში მოცემული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმა. შევსებული ფორმა ამარტივებს გემსა და ნაპირზე მყოფ სამედიცინო პერსონალს შორის სამედიცინო ინფორმაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გაცვლას. იგი მეზღვაურთან უნდა ინახებოდეს. მასში მოცემული ინფორმაცია კონფიდენციალურად უნდა დარჩეს (ის ცნობილი უნდა იყოს მეზღვაურისთვის, გემის კაპიტნისა და ნაპირზე მყოფი სამედიცინო პერსონალისთვის). პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
6.ქართულ გემს, რომელსაც გადაჰყავს 100 ან 100-ზე მეტი ადამიანი და რომელიც, ჩვეულებრივ, ჩართულია 3 დღეზე ხანგრძლივ საერთაშორისო ნაოსნობაში, უნდა ჰყავდეს კვალიფიცირებული ექიმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამედიცინო დახმარების გაწევისთვის.
7.თუ ქართულ გემზე არ იმყოფება ექიმი ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მყოფი 1 მეზღვაური მაინც იყოს პასუხისმგებელი სამედიცინო დახმარების/მომსახურების გაწევისთვის. მეზღვაური, რომელიც ექიმი არ არის, მაგრამ გემზე სამედიცინო დახმარების/მომსახურების გაწევა დაევალა, კვალიფიცირებული უნდა იყოს „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის A-VI/4 ნაწილის, მე-4 და მე-6 მუხლებისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.
8.ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ზღვაში მყოფი გემისთვის 24 საათის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი სამედიცინო კონსულტაცია (სპეციალისტების კონსულტაციის ჩათვლით) სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, რადიოს ან თანამგზავრული კავშირის საშუალებით. უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემისთვის საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა საქართველოში სამედიცინო კონსულტაციის გაწევა (მათ შორის, რადიოს ან თანამგზავრული კავშირის საშუალებით გემსა და ნაპირზე მყოფ კონსულტანტებს შორის სამედიცინო შეტყობინებების გაცვლა) უსასყიდლოდ უნდა უზრუნველყონ.
9.ქართულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურს უფლება აქვს, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულებისას ავად გახდომის, ტრავმირების ან გარდაცვალების ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებით გემთმფლობელისგან მიიღოს მატერიალური დახმარება და მხარდაჭერა.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ უზღუდავს მეზღვაურს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლებას.
11.გემთმფლობელმა ან გემის კაპიტანმა, რომელიც შეიტყობს, რომ მეზღვაური ორსულია ან მეძუძურია, უნდა უზრუნველყოს საფრთხეებთან ან მავნე გარემოს ფაქტორებსა და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასება განსაზღვრული რისკების შესწორების მიზნით. გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე სხვა ფაქტორები: ხანგრძლივი და მონოტონური სამუშაოსთვის თავის არიდება ან მისი შეზღუდვა, იზოლირებულად მუშაობა, მუშაობის ტემპი, მუშაობის მეთოდები, სამუშაო გარემოს გეგმა, აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები. უნდა შეფასდეს მეზღვაურზე ამ ფაქტორების ზემოქმედების ხასიათი, ხანგრძლივობა, ხარისხი და ის, უარყოფითად მოქმედებს თუ არა რისკები მასზე. საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.
12.თუ ორსული ან მეძუძური მეზღვაურის სრულყოფილად დაცვა შეუძლებელია, რისკები სამუშაოს დაგეგმვით მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, მათ შორის, საჭიროებისა და პრაქტიკულობის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს მეზღვაურის სამუშაო საათები, მას უნდა შეეზღუდოს ღამის ცვლაში მუშაობა ან იგი გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა სამუშაოზე, რომელიც მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. თავი VII გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფინანსური გარანტიები



