1.მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლში მონაწილე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.
2.არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მისი/მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.
5.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს გენერალურ აუდიტორს.
6.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
7.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
8.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
9.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს გენერალური აუდიტორი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.




