1.საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, საკვანძო ფუნქციები, მთლიანად ან ნაწილობრივ შესაძლებელია გადაეცეს შესაბამის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ამ საქმიანობების განხორციელებისას/ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მათი სახელით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საპენსიო კომპანიას, მზღვეველსა და აქტივების მმართველ კომპანიას.
3.საკვანძო ფუნქციების ან ნებისმიერი სხვა საქმიანობის აუთსორსინგზე გადაცემა არ უნდა იწვევდეს: ა) საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის მართვის სისტემის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესებას; ბ) საოპერაციო რისკების გაუმართლებელ გაზრდას; გ) საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე სამსახურის/საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელების შეფერხებას; დ) საპენსიო სქემის მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდების გაუარესებას.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული აუთსორსინგის შემთხვევაში საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან უზრუნველყონ გადაცემული საქმიანობების/ფუნქციების სათანადო განხორციელება/შესრულება აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი მონიტორინგით როგორც შერჩევის პროცესში, ისე მათი ფუნქციონირების მთელი პერიოდისთვის.
5.საქმიანობებისა და საკვანძო ფუნქციების გადაცემა უნდა განხორციელდეს საპენსიო კომპანიას, მზღვეველსა და აქტივების მმართველ კომპანიას და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მხარეებს შორის უფლება-მოვალეობების განაწილება.
6.საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან ნებისმიერი საქმიანობის აუთსორსინგული მომსახურების შესახებ დროულად აცნობონ სამსახურს, ხოლო საკვანძო ფუნქციების აუთსორსინგზე გადაცემის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე სამსახურს/საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა ეცნობოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე. სამსახურს/საქართველოს ეროვნულ ბანკს აგრეთვე უნდა ეცნობოს ნებისმიერი შემდგომი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომელიც შეეხება აუთსორსინგულ მომსახურებას.
7.სამსახური/საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საპენსიო კომპანიას, მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიასა და აუთსორსინგული მომსახურების მომწოდებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია გადაცემულ საკვანძო ფუნქციებთან ან ნებისმიერ სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით.

