1.დამსაქმებელს შეუძლია განახორციელოს საკუთარი დასაქმებულებისთვის საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემაში. ამ საპენსიო შენატანების ოდენობა და განხორციელების წესი უნდა განისაზღვროს დამსაქმებელსა და საპენსიო კომპანიას, მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიას, დასაქმებულთა გაერთიანებას, პროფესიულ ორგანიზაციას ან დამსაქმებელთა გაერთიანებას შორის დადებული ხელშეკრულებით (ხელშეკრულებებით).
2.დამსაქმებელი ვალდებულია საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემებში, გარდა დასაქმებულთა გაერთიანების ან პროფესიული ორგანიზაციის საპენსიო სქემებისა, განახორციელოს დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ. საპენსიო სქემა შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ დასაქმებული არ განახორციელებს საპენსიო შენატანებს.
3.დამსაქმებელი, რომელიც საპენსიო შენატანებს ახორციელებს, ვალდებულია ეს საპენსიო შენატანები განახორციელოს ინდივიდუალურად თითოეული მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე.
4.დამსაქმებლისა და დასაქმებულის საპენსიო შენატანების ოდენობა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ხელფასის პროცენტული მაჩვენებელი, ან თანხის ნომინალური მოცულობის სახით, აგრეთვე საპენსიო შენატანების გადახდის პერიოდულობა უნდა განისაზღვროს ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული კერძო პენსიის ხელშეკრულებით.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები აგრეთვე შეიძლება აისახოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.
6.დამსაქმებელი, რომელიც საკუთარ დასაქმებულებს ჯგუფური საპენსიო სქემით უზრუნველყოფს, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) შესთავაზოს და თანაბრად უზრუნველყოს ყველა არსებული დასაქმებულის მონაწილეობა საპენსიო სქემაში გამჭვირვალედ და დისკრიმინაციის გარეშე; ბ) ყველა ახალ დასაქმებულს შესთავაზოს საპენსიო სქემაში გაწევრება და უზრუნველყოს მათი უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ; გ) შრომითი ხელშეკრულების დადებისას დასაქმებულს შესთავაზოს შესაბამისი საპენსიო სქემის ხელშეკრულების გაფორმება; დ) ყველა დასაქმებულს აცნობოს საპენსიო სქემის ყველა პირობა, უზრუნველყოს მათი უფლება, უარი თქვან საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ხოლო საპენსიო სქემაში მათი მონაწილეობის შემთხვევაში − განუსაზღვროს გონივრული ვადა საპენსიო სქემაში გაწევრებისთვის; ე) რეგულარულად, მაგრამ კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ, ხოლო საპენსიო სქემის პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში − ნებისმიერ ასეთ დროს, უზრუნველყოს დასაქმებულის უფლება, გაწევრდეს საპენსიო სქემაში, რომელშიც მონაწილეობაზე მანამდე მან უარი განაცხადა.
7.თუ საპენსიო შენატანების გადახდას, როგორც შრომის ანაზღაურების ნაწილს, მხოლოდ დამსაქმებელი ახორციელებს, დამსაქმებელი ვალდებულია ასეთ საპენსიო სქემაში გააწევროს მისი ყველა დასაქმებული. თუ დამსაქმებელი ასეთი საპენსიო სქემის პირობებში საპენსიო აქტივების საკუთრებაზე გაავრცელებს უპირობო უფლებების წარმოშობის გრაფიკს, ეს გრაფიკი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს და იგი უნდა აისახოს შესაბამის კერძო პენსიის ხელშეკრულებაში.
8.დასაქმებული, რომელსაც დამსაქმებელთან დადებული აქვს კერძო პენსიის ხელშეკრულება ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში, ჯგუფურ საპენსიო სქემაში მონაწილეობს შესაბამის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის ვადის განმავლობაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლამდე, შეზღუდული შესაძლებლობის ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე ან გარდაცვალებამდე.
9.შესაბამის დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებულს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში ან დატოვოს დამსაქმებლის მიმდინარე ჯგუფურ საპენსიო სქემაში. ამ შემთხვევაში საპენსიო შენატანების შემდგომი გადახდის, საპენსიო დანაგროვის შემდგომი ფორმირების და პენსიის გადახდის პირობები ასახული უნდა იყოს შესაბამის კერძო პენსიის ხელშეკრულებაში.
10.საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის მიერ კერძო პენსიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ძალაში რჩება მონაწილისთვის ამ ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, ხოლო მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში − მისი მემკვიდრისთვის/ბენეფიციარისთვის პენსიის სრულად გადახდამდე. მუხლი 9. დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების და დასაქმებულთა გაერთიანების მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფურ საპენსიო სქემებში მონაწილე დასაქმებულების უპირობო უფლებები დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე 1. ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს მონაწილისთვის საპენსიო აქტივებზე საკუთრების უპირობო უფლებების მინიჭება არაუმეტეს 5-წლიანი შრომითი ურთიერთობების შემდეგ საპენსიო აქტივების იმ ნაწილზე, რომელიც დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შედეგია. თუ შრომითი ურთიერთობა ვადამდე შეწყდა, ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე მონაწილე დასაქმებულს უპირობო უფლებები მიენიჭება ეტაპობრივად, არანაკლებ შემდეგი პერიოდულობითა და ოდენობებით: ა) 20% − დასაქმების პირველი წლის დასრულების შემდეგ; ბ) 40% − დასაქმების მეორე წლის დასრულების შემდეგ; გ) 60% − დასაქმების მესამე წლის დასრულების შემდეგ; დ) 80% − დასაქმების მეოთხე წლის დასრულების შემდეგ; ე) 100% − დასაქმების მეხუთე წლის დასრულების შემდეგ.
2.საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი, მიუხედავად ანაზღაურებისა, ჩაითვლება უპირობო უფლებების მინიჭების პერიოდში.
3.ჯგუფური საპენსიო სქემა შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე მონაწილისთვის უპირობო უფლების მინიჭების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებულ, მაგრამ მისთვის არანაკლებ ხელსაყრელ განრიგს.
4.თუ საპენსიო სქემის წესებით გათვალისწინებული არ არის საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების წესი, პირად საპენსიო ანგარიშზე პირველი საპენსიო შენატანების განხორციელების მომენტიდან მონაწილეს ენიჭება დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე უპირობო უფლება.
5.შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს უნარჩუნდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტისთვის საპენსიო აქტივებზე ამ კანონის შესაბამისად არსებული ან მინიჭებული უპირობო უფლებები.
6.დამსაქმებელს ეკრძალება, დასაქმებულის მიმართ განახორციელოს მუქარა ან განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელიც შელახავს საპენსიო აქტივებზე დასაქმებულის უპირობო უფლებას ან ასეთი უფლების განხორციელების შესაძლებლობას.
7.დამსაქმებელს ეკრძალება, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა საპენსიო აქტივებზე დასაქმებულის უპირობო უფლების წარმოშობის პრევენციის მიზნით. თუ სასამართლო დაადგენს, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა უკანონოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე უპირობო უფლებების მინიჭების პერიოდად.
8.დამსაქმებლის სადამფუძნებლო სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში, რაც გულისხმობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერი სახის რეორგანიზაციას, აგრეთვე დამსაქმებლის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში დასაქმებული ინარჩუნებს ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივებზე ამ კანონის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უპირობო უფლებებს.
9.ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ის საპენსიო შენატანები, რომლებზედაც დასაქმებულს მიენიჭება უპირობო უფლებები, არ შეიძლება დაუბრუნდეს დამსაქმებელს.






