1.სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი გაიწვევა: ა) საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს; ბ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით.
2.სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირები გაიწვევიან: ა) სამინისტროს მიერ განსაზღვრული რაოდენობით, მისი მოთხოვნის შესაბამისად; ბ) სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე იღებს და მისი გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
4.სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით: ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს, ხოლო 10 წლის განმავლობაში − 120 დღეს; ბ) ზოგად სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის (გარდა წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირისა) გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.
5.თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსის მქონე პირი, რომელიც ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში, არ ექვემდებარება სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით გაწვევას.
