Статья 53. მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა
1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
2. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნას სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.
4. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ქცევა (დამოკიდებულება) მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ან/და რომლის აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის რისკის გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები.
