Статья 97. ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისება
1. მსჯავრდებულის წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ზ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის; თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ი) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; კ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომელთა ქონაც აკრძალული არ არის; ლ) დამატებითი საოჯახო პაემნის უფლების მიცემა; მ) კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის: ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე არ გამოიყენება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიმართ; ბ) „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები არ გამოიყენება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ; გ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ; დ) „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ ქალი მსჯავრდებულის მიმართ; ე) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ.
