1.პარლამენტი ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩიოს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტს თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარუდგინოს.
2.პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.
3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) ნუსხა და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის: ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
5.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
