Статья 10. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები
1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
2. ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღება შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება ასევე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ საჭირო გახდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.
3. აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში.
4. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ცესკოს დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი.
5. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული. ცესკოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს.
6. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, საარჩევნო კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუკი მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
7. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ საკითხებთან, მათ შორის, საკადრო საკითხებთან, დაკავშირებით.
8. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
