Статья 52. ამომრჩევლის მოსყიდვა
1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ხოლო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საჭიროებისას − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია: ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემა, საქონლის შეღავათიან ფასად მიყიდვა, ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) უფასოდ მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემის დაპირებით; ბ) ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას.
