1.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2.მიმწოდებელი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) წყალმომარაგებისას დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება; დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ; ე) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებელისთვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); ვ) განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე სათანადოდ გაწმენდის უზრუნველყოფა. ზ) უზრუნველყოს ამ წესებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3.მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.
4.მიმწოდებელი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება, თუ: ა) მომხმარებელის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასური; ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა; გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
5.მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
