1.პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი.
2.ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირება.
4.განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე წნევისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელ ქსელზე ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურებისათვის.
5.მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელიდან ბუნებრივი გაზის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველი. ამასთან, ინდივიდუალური მრიცხველის გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.
6.პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დროებითი მფლობელის ბუნებრივი გაზის ქსელის გაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.
7.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ბუნებრივი გაზის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება აღნიშნული ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, რომელიც ამ მომხმარებლისთვის წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და იგი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის იმავე ტარიფით (ან ფასით), რა წნევაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ბუნებრივი გაზის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებული არიან: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე, ინდივიდუალურად გამოწერონ ქვითარი და საფასური დაარიცხონ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაბამისად; გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად; დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსირონ მათი პოზიცია; ე) საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება განახორციელონ იმ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.
8.ეს მუხლი არ ვრცელდება განაწილების ლიცენზიატებს შორის ბუნებრივი გაზის გატარების ურთიერთობებზე.
