საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 134. ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესახებ
1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე.
2. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით ან შედგეს ტექნიკური საშუალებით.
3. საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები; იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ხმის ან/და გამოსახულების ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ჩაწერა, დამზადდა კვალის ანაბეჭდი ან ტვიფარი, შედგა ნახაზი ან სქემა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, მათი გამოყენების პირობები და მიღებული შედეგები. ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს წინასწარ უნდა ეცნობოს და ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. ამ ნაწილში მითითებული ინფორმაციის შემცველი მასალა უნდა დაილუქოს, დადასტურდეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერებით და დაერთოს საქმეს.
