საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი
1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითაც გადაეცემათ.
2. აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე უნდა გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს მიმართონ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.
3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება.
