საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 257. გადაწყვეტილების გამოტანა
1. საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს მისი გასაჩივრების წესსა და ვადას. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე ასევე უფლებამოსილია, განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.
2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადა საკასაციო სასამართლოსთვის შეადგენს 1 თვეს.
4. სასამართლო უფლებამოსილია მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე, აგრეთვე მხარეთა მოთხოვნით სხვა საქმეებზედაც, გამოაცხადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც აისახება სასამართლოს სხდომის ოქმში. ასეთ შემთხვევაში სასამართლო აღარ ამზადებს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. მხარეებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემათ ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან, რომლის ნამდვილობას ამოწმებს სხდომის თავმჯდომარე. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
