ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Статья 21. აღწერის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები
1. აღწერის მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქსტატს.
2. აღწერის ჩატარების ზუსტი თარიღის დასადგენად, აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების (კოორდინაციის) უზრუნველსაყოფად აღწერის ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 წლისა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ – კომისია).
3. საქსტატი ამუშავებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას, განიხილავს აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს, განსაზღვრავს საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს, მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასა და კითხვარებს ამტკიცებს კომისია.
4. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
5. კომისიის მუშაობის წესი და საქმიანობა განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
