Статья 71. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი
1. მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.
2. ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა.
3. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის: ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით; ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით; გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით; დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით; ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.
