ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 164. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე.
2. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, მათი ორგანოების სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებები ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს არ აქვთ უფლება, შექმნან თვითმმართველი ერთეულების ახალი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო გამგებლებს – უფლება, დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები.
