1.დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით; ბ) დიზაინის რეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი; გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4−მე-10 პუნქტების მოთხოვნებს; დ) დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები; ე) დიზაინში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო და მასზე უფლების მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილია აკრძალოს განმასხვავებელუნარიანი სიმბოლოს ამგვარი გამოყენება.
2.დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) იმის წერილობითი დასაბუთება, რომ დიზაინის რეგისტრაცია ექვემდებარება ბათილად ცნობას; ბ) ყველა იმ ადრე გაცემული რეგისტრაციის, გამოცემის ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის ასლი, რომელსაც დაინტერესებული მხარე დასაბუთებისას ეყრდნობა. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უცხოურ ენაზეა წარდგენილი, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. საწინააღმდეგო შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
3.დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს.
4.საქპატენტი დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ან დიზაინის რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.
5.დიზაინის რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და შეიტანება რეესტრში.
6.დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს აგრეთვე დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან მისი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ.
