საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 105. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს: ა) მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების (მათ შორის, უსასყიდლოდ) შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი/მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში; ბ) რეკლამის მიზნით, უსასყიდლოდ გავრცელებულ, დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე საქონელზე დარიცხული დღგ-ის თანხა, თუ ამ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. დ) ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალთან (მოგებასთან) დაკავშირებული ხარჯი.
