საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 178. შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე
დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: ა) სოციალური მიზნით ან გასართობ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებისათვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა იბეგრება დღგ-ით; ბ) ამ კოდექსის 174-ე−177-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებულ ან გამოსაყენებლად გამიზნულ საქონელზე/ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ღირებულებისთვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხებზე, რომლებზეც პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს; გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით); ე) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
