Article 103. საქონლის განკარგვის ღონისძიებები
1. საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საქონლის განადგურება; გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ: ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება/საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან გადახდილი არ იქნა იმპორტის გადასახდელი ან/და წარდგენილი არ იქნა გარანტია; ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია; გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გატანილი არ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება; დ) რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა; ე) რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურა განსაზღვრულია და ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადა ამოწურულია, თუ ეს საბაჟო პროცედურა არ დასრულებულა ან სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა, ან რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა; ვ) რომლის საბაჟო საწყობის პროცედურაში შენახვის ვადა ამოიწურა და არ გაგრძელებულა, ან რომლის მიმართაც სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა ან არ განხორციელებულა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება; ზ) რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-8 ნაწილით.
