1.თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2.თავდები შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი. ერთი და იმავე ვალდებულების თავდები შეიძლება იყოს რამდენიმე პირი. ასეთ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
3.თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
4.ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.


