1.საგადასახადო დოკუმენტი (შემდგომ − სდ) არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც გამოიწერება: ა) ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას; ბ) საქონლის მიწოდებისას; გ) მომსახურების გაწევისას.
2.სდ-ის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა.
3.დღგ-ის გადამხდელისათვის სდ არის დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტი.
4.სდ-ის გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში დადგებოდა სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისას/ გამოუწერლობისას.
5.სდ-ის გამოწერისა და წარდგენის წესის დარღვევისას გამოიყენება შესაბამისად სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისა და წარდგენის წესთან დაკავშირებული სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები.
6.სდ შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.
7.სდ-ის გამოწერისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
