Article 48^1. სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიება და სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება/სახელშეკრულებო ვალდებულებების გადავადება
1. სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის უფლებით მიმღებ პირს ეპატიოს შესაბამისი ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის ქონების მმართველისათვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ეპატიოს სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით ნაკისრი სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და გათავისუფლდეს იმავე თარიღამდე წარმოშობილი გადაუხდელი სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან ასეთი პატიების/გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე შესაბამისი განცხადების ქონების სააგენტოსათვის 2018 წლის 1 მარტამდე წარდგენის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება.
