„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 4. საბიუჯეტო პროცესი
1. საბიუჯეტო პროცესი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონით რეგლამენტირებული საქმიანობა ბიუჯეტების შედგენის, განხილვის,მიღებისა და შესრულებისათვის. საბიუჯეტო პროცესის შემადგენელი ნაწილია საბიუჯეტო რეგულირება, რაც წარმოადგენს სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის შემოსავლის წყაროების კანონით განსაზღვრულ გადანაწილებას:
2. საბიუჯეტო პროცესი საქართველოში რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონმდებლობით,აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და საქართველოს ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილი ორგანოების აქტებით.
3. ბიუჯეტს ადგენენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორული გეგმის პროექტის მაჩვენებლების, ფინანსთა სამინისტროს და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ექსპერტული შეფასებებისა და საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებების მიხედვით განსახორციელებელი ფინანსური პროგრამების გათვალისწინებით.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტის პროექტს – ამ რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის პროექტს – შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანოები. ეკონომიკური და სოციალური განვითარების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელების კვალობაზე საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შესაძლებელია შემუშავდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც მოიცავს ერთ წელზე მეტ პერიოდს.
