„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 15. ბიუჯეტის პროექტის შედგენა , განხილვა და დამტკიცება
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად ადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლისა და გასავლის პროექტებს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტისათვის გადასაცემ ტრანსფერტების მოცულობის პროექტს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოები ადგენენ აფხაზეთისა და აჭარის ცენტრალური ბიუჯეტების პროექტსა და კონსოლიდირებული ბიუჯეტის ანუ შესაბამისი ტერიტორიის ბიუჯეტების პროექტების ნაერთს. ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ადგენენ რაიონული (ქალაქის რაიონის), ქალაქის, რაიონული დაქვემდებარების ქალაქის, თემის, სოფლის, დაბის ბიუჯეტების პროექტებს და კონსოლიდირებული ბიუჯეტის პროექტს,რომელიც დაქვემდებარებული ტერიტორიის ბიუჯეტების პროექტების ნაერთს წარმოადგენს.
2. ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება ტერიტრიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტის მაჩვენებლების, მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ეკონომიკის სექტორებისა და დარგების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მიმდინარე და მოსალოდნელი მაჩვენებლების ანალიზებისა და ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ასეთი პროგნოზირების შედეგად მზადდება დასაბუთება როგორც საბიუჯეტო ხარჯების, ისე შემოსავლის ცალკეული სახეების გასაანგარიშებლად, ამასთან ბიუჯეტის ხარჯები ფორმირდება შემოსავლის პროგნოზების გათვალისწინებით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლისა და ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებლებს ახალი საბიუჯეტო წლისათვის და ბიუჯეტების დაბალანსების წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპულიკების მინისტრთა საბჭოებს, ხოლო სხვა ტერიტორიული ერთეულების საფინანსო ორგანოები - მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს. ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობების განხილვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას საბიუჯეტო შემოსავლისა და ხარჯების პარამეტრების შესახებ ახალი საბიუჯეტო წლისათვის. ამ გადაწყვეტილებათა საფუძველზე ხორციელდება ბიუჯეტების შემუშავება შემოსავლის წყაროებისა და ხარჯების სახეების მიხედვით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების პროექტები წარედგინებათ, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
