Article 26. ერთ პირთან მოლაპარაკება
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის თანახმად ერთ პირთან მოლაპარაკების მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 50000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა. ექსკლუზიურ უფლებად საქონლის მიწოდებაზე, სამუშაოს შესრულებაზე, მომსახურების გაწევაზე არ განიხილება შემთხვევა, როცა არსებობენ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ ჩანაცვლებადი საქონლის მიწოდება, სამუშაოების შესრულება, მომსახურების გაწევა. გ) არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება. ასეთ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფორს-მაჟორული სიტუაციით ან გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადების შესაბამის ოდენობას. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხზე შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას ღებულობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოებთან შეთანხმებით; დ) მიმწოდებლისაგან მიღებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე, თუ მიღებული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისაგან, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.
