„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 31. ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.
2. ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა წარმოადგენს: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა, გარდა მშენებლობის დაწყების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვისა და არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვებისა, როდესაც ხდება მშენებარე ან არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრის (მფლობელის) ან სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების დამკვეთის შეცვლა; გ) ნებართვის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
3. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნებართვის გაუქმების ან მისი გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
6. სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
