Article 52. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნის წესი
1. საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოითხოვება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოითხოვება, თუ: ა) უძრავი ნივთის შესახებ საკადასტრო მონაცემები არ მოიპოვება სარეგისტრაციო სამსახურში ან გამოვლენილია სარეგისტრაციო სამსახურში არსებული საკადასტრო აღწერის მონაცემთა შეუსაბამობა უფლების დამადასტურებელ საბუთში არსებულ მონაცემებთან; ბ) პირი არ ეთანხმება მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს ან მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებს.
3. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ მოითხოვება: ა) პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში, თუ ჩატარებულია სისტემური საკადასტრო სამუშაოები; ბ) უფლებების შემდგომი რეგისტრაციისას, როდესაც სარეგისტრაციო სამსახურში უკვე არსებობს უძრავი ნივთის სრულყოფილი საკადასტრო ინფორმაცია; გ) მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე ან მის ინდივიდუალური საკუთრების ერთეულზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციისას, თუ უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლები არის ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში.
