Article 73. გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენა
1. სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არცერთ ზემოაღნიშნულ დაწესებულებასთან, ვალდებულია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა სააგენტოს წარუდგინოს ელექტრონული ფორმით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით.
2. გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით .
3. სააგენტოსთვის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გამგზავნი დაწესებულება/პირი პასუხისმგებელია გაგზავნილი სამედიცინო ცნობის სისწორისა და სისრულისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი სრულყოფილად შევსება შეუძლებელია სათანადო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3075 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
