1.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
1.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირ გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
3.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში მიეთითება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი. საარჩევნო ბიულეტენის ტექსტსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.
4.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკო ბეჭდავს საარჩევნო ბიულეტენებს და მათ საარჩევნო კოლეგიის წევრებს გადასცემს, ბეჭდავს საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიას, ლუქავს და ხსნის საარჩევნო ყუთს, ითვლის ხმებს და ადგენს შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
5.საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში საკუთარი ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.
6.საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) ის დაუდგენელი ნიმუშისაა; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა; გ) საარჩევნო კოლეგიის წევრმა ხმა ერთზე მეტ კანდიდატს მისცა; დ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელი წევრის მიერ არის ხმა მიცემული.
7.არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.
8.თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის გამართვიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს.
9.არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს აქვს, მეორე ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.
10.არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.
11.არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
12.თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
13.საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღს შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
14.საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში.
15.საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
16.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების ერთდროულად ან წინა თვეში გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების გამართვისას არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადების ნაცვლად ხორციელდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. მუხლი 104. არჩევნების შედეგების შეჯამება 1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, ცესკოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.
2.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა; ბ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა; გ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა სახელები და გვარები; დ) არჩევნებში მონაწილე თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა; ე) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა; ვ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ზ) მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა ან/და პირველი ან მეორე ტურის შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის ვინაობა.
3.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი. აღნიშნული ოქმი შეიძლება გაასაჩივროს/გაასაჩივრონ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის შესაბამისმა წევრმა/წევრებმა ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
4.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებელ დოკუმენტაციას ცესკო ლუქავს და ინახავს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მეორე − საქართველოს პარლამენტს, ხოლო მესამე ინახება ცესკოში.
6.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შესახებ.
7.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე საქართველოს პრეზიდენტის ასარჩევად შემდგარ საარჩევნო კოლეგიას უფლებამოსილება უწყდება. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.