1.საკითხს რეფერენდუმის შესახებ ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
2.რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ; ბ) რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ.
3.რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ საქართველოს პარლამენტის/საქართველოს მთავრობის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 184-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.
4.რეფერენდუმის გამართვის შესახებ ბრძანებულებაში მოცემული უნდა იყოს მისი მოწყობის თარიღი და სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის ზუსტი ფორმულირება. ეს ბრძანებულება მოსახლეობას ეცნობება ოფიციალური პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ბრძანებულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
5.რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას რეფერენდუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დაფინანსებისა და რეფერენდუმის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1018 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №3377 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1254 – ვებგვერდი, 29.12.2025წ.
