Article 146. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.
2. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. 2 1 . (ამოღებულია - 15.05.2024, №4171) .. 2 2 . არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დაწყების საკითხის გადაწყვეტამდე. პარტიის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. 2 3 . საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, აღნიშნული განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
