Article 175. რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი
1. თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.
2. საინიციატივო ჯგუფი ცესკოს მიმართავს თხოვნით, რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი. საკითხის ფორმულირება უნდა დაზუსტდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით.
3. ცესკო სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას რეგისტრაციაში ატარებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ამის შესახებ ინფორმაციას და საინიციატივო ჯგუფის მისამართს.
4. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი შეიტანება ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლებში.
5. რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან ერთ თვეში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.
6. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 5 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
