საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
Article 16
1. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს: ა) საერთო დაავადება; ბ) შრომითი დასახიჩრება; გ) პროფესიული დაავადება; დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა; ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან; ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან; ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს.
2. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან.
3. შესაძლებლობის შეზღუდვა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ უბედური შემთხვევა მოხდა: ა) შრომითი მოვალეობის (მათ შორის, მივლინებაში ყოფნისას), ან დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მოვალეობის შესრულებისას; ბ) გზაში სამუშაოზე წასვლისას ან სამუშაოდან დაბრუნებისას; გ) საწარმოო პრაქტიკის დროს; დ) დამსაქმებლის ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი შესვენებისას ან/და სხვა დროს, რომელიც საჭიროა სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ან სამუშაოს დამთავრების შემდეგ; ე) დამსაქმებლის ტერიტორიის ახლოს, სამუშაო დროს ან დადგენილი შესვენებისას, თუ იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს; ვ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისას; ზ) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას; თ) სახელმწიფო საკუთრების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას; ი) დონორის ფუნქციის შესრულებისას.
4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვითარდა მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა.
5. ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა.
