1.ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში უგზავნის ადმინისტრაციული საჩივრის და მასზე დართული დოკუმენტების ასლს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2.გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის ასლის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში წარუდგინოს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს მოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და საკუთარი წერილობითი დასკვნა ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე.
3.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.
4.გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირით ან სხვა უფლებამოსილი პირით, ხოლო თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კოლეგიური ორგანოს მიერ – კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელი პირით.
5.გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვა თანამშრომლით მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობით.

