საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^105. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.
4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილებს, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლო: ა) უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ან გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში იგი ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად; ბ) გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
