საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 20. სასამართლოს უფლებამოსილება
1. თუ სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციით არ განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მას პირველი ინსტანციით განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება, ჩატარდება ან ჩატარდა გამოძიება ან საპროცესო მოქმედება. ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ. ამ კოდექსით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებული საკითხები მისი არყოფნისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ადგილი არ ემთხვევა დანაშაულის ჩადენის ადგილს, შეიძლება განიხილოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ ან გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ.
