1.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს პლენარულ სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს პლენარული სხდომა.
2.პლენარული სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს უმაღლეს საბჭოს სხდომის გახსნასა და დამთავრებას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას; დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს რეგლამენტით დადგენილი წესით; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) რეგლამენტის 124-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს უმაღლესი საბჭოს წევრს ან მოწვეულ პირს; თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას; ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს; კ) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
