1.საძიებო-სამაშველო კოორდინატორი პასუხს აგებს: ა) სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მოწყობილობებითა და შტატებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის სისტემის მართვაზე; ბ) ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო საშუალებების მიწოდებასა და ამოქმედებაზე; გ) ოპერაციაში მონაწილე პერსონალის მომზადების კოორდინაციაზე; დ) ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების პრაქტიკის შემუშავებაზე.
2.საძიებო-სამაშველო კოორდინატორი ახორციელებს ზღვაში მყოფი გემის, ადამიანისა და საფრენი აპარატის ძიებისა და შველის, აგრეთვე ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს.
