ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სქემა – დოკუმენტი, რომელიც ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების საზღვრებს, სანაპირო ზონის დაცვის წესებს და განსაზღვრავს პრევენციულ ნაპირდაცვის ღონისძიებებს; ბ) ზღვის კიდის ხაზი – წყნარი ზღვის პირობებში ხმელეთისა და წყლის გამმიჯნავი ხაზი; გ) ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან; დ) მდინარის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს მდინარის კალაპოტსა და ჭალას. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან; ე) წყალსატევის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს წყალსატევის აკვატორიას და ხმელეთის არა უმეტეს 100 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან; ვ) მდინარის ჭალა – მდინარის ხეობის ის ნაწილი, რომელიც იტბორება მხოლოდ წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს; ზ) მდინარის კალაპოტი – მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში; თ) მკაცრი ზედამხედველობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის – ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს; წყალსატევის სანაპიროსათვის – წყალსატევის მთლიან აკვატორიას და ხმელეთის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მაქსიმალური ზვირთცემისას იფარება წყლით; მდინარის სანაპიროსათვის – მდინარის კალაპოტს; ი) მუდმივი მეთვალყურეობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახმელეთო საზღვრებს შორის; კ) ნაპირის ეროზია – ზღვისა და წყალსატევის ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური წარეცხვის პროცესი; მდინარის ნაპირის წყლის ნაკადით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და წარეცხვის პროცესი; ლ) ნაპირის აბრაზია – ზღვისა და წყალსატევის ძირითადი (კლდოვანი) ქანებით აგებული ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და დაშლის პროცესი; მ) პლაჟი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზოლის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზვირთცემის მუდმივ ზემოქმედებას და აგებულია მუდმივად დეფორმირებადი სხვადასხვა ფრაქციული შემადგენლობის ფხვიერი მასალით; ნ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზა – სანაპიროს ფიზიკურ მახასიათებელთა რაოდენობრივ და თვისებრივ მაჩვენებელთა ერთობლიობა, რომელიც იძლევა მისი მდგრადობის შეფასების საშუალებას; ო) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონიტორინგი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მდგრადობაზე მუდმივი მეთვალყურეობა, ამ ზონაში ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული ცვლილებების დროული გამოვლენა და ზონის მართვის სისტემის უზრუნველყოფა; პ) სანაპიროს მორფოდინამიკა – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზედაპირის რელიეფწარმომქმნელი პროცესების განვითარება დროსა და სივრცეში; ჟ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფი – კალაპოტის ის ნაწილი, რომელიც მდინარის ნაგებობით გადაკეტვისას შეტბორილი წყლით იფარება და ხდება მყარი ნატანის დაგროვება; რ) დეპარტამენტი − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; ს) (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №199 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.123 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4428-ვებგვერდი-17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4649 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3241 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №493 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ



