Article 21. კანდიდატთა წარდგენა
1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება განცხადების შეტანის მეშვეობით აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ რაიონის საკრებულოს არჩევნებში წარდგენილ სიაში შეყვანილი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება შეყვანილ იქნეს ამ რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში წარდგენილ სიაში (თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება), ან წარდგენილ იქნეს კანდიდატად ამ რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე (თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება).
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისად სოფელში, თემში, დაბაში მცხოვრები არანაკლებ 10 ამომრჩეველი, ხოლო ქალაქში – არანაკლებ 100 ამომრჩეველი.
4. კანდიდატთა შერჩევის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
5. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარსადგენად პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია და ძირითადი საქმიანობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა და საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც ისინი არიან წარდგენილნი.
6. საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, რის შემდეგაც უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ან ამომრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი, აგრეთვე დამოუკიდებელი კანდიდატის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია დამოუკიდებელ კანდიდატად. განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში. სააღრიცხვო ბარათებს გასცემს შესაბამისი საარჩევნო კომისია. ერთ შევსებულ სააღრიცხვო ბარათს, თუ არის შესაბამისი კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, საარჩევნო კომისია გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 35 დღისა.
