Article 141. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, პარტიის, არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიას უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა განცხადებით მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
4. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.
5. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) რეგისტრაციის ადგილი; ზ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); თ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ი) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი; კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).
