სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 14^14. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებისა, არის: ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ბ) კერძო აღმასრულებლის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) ამ კანონის 14 11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; დ) კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; ე) კერძო აღმასრულებლისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) კერძო აღმასრულებლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სააღსრულებო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; ზ) ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევა, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს; თ) კერძო აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ი) ამ კანონის 14 13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
